ეს არის უნიკალური პროექტი, რომელშიც პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა არ გვქონდა - აქ არ არიან მეზობლები, ახლომახლოს არ არის გზატკეცილები და სახლის სიახლოვეს არ დადიან მანქანები.
სახლი მდებარეობს ნაკვეთზე, რომელზეც დამკვეთი ეწევა სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის საქმიანობას. ამასთანავე, სახლის დამკვეთი უკვე ცხოვრობს იქ კლასიკური ხმელთაშუა ზღვის სტილის სახლში, რომელსაც აკრავს ულამაზესი სიმეტრიული ბაღი. სწორედ ეს სიმეტრია და ღია სივრცეები მობეზრდა მას და სურვილი გაუჩნდა, მისი გარემო შეცვლილიყო და გამხდარიყო უფრო ჩაკეტილი, განმარტოებული და მყუდრო. ასე გაჩნდა სახლის კონცეფცია, რომელიც თავად არის კედელიც და ღობეც და ზოგადად, საკუთარი მაცხოვრებლებისათვის იგი არ გამოიყურება მეტისმეტად პომპეზურად.
სახლი დაყოფილია 4 ფუნქციურ ბლოკად, რომელთა მეშვეობითაც იქმნება პატარა შიდა ეზო - პატიო, სადაც შევხვდებით აუზს, ბარბექიუსათვის გამოყოფილ ადგილსა და მცირე ზომის ბაღს. შენობის პირველ ბლოკში განთავსებულია, საკუთარი ცალკე შესასვლელით, საცხოვრებელი ბინა პერსონალისათვის და ტექნიკური დანიშნულების ნაგებობა.
შემდეგი ბლოკი წარმოადგენს საერთო სივრცისა და მასტერ - ბლოკის სიმბიოზურ შერწყმას. ამავე ბლოკის მიმდებარედ არის ერთგვარი სადამკვირვებლო კოშკი, რომელსაც ზედა დონეზე გააჩნია დასასვენებელი ზონა. ეს ნაგებობა ალბათ თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს სახლის ყველაზე უჩვეულო ნაწილად. მესამე ბლოკი - ეს არის სასტუმრო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია სტუმრებისათვის განკუთვნილი საძინებლები და ბოლოს, დამაგვირგვინებელია დამოუკიდებელი სპა პროცედურების ბლოკი.
სახლი ერთსართულიანია, მაგრამ ძირითადი ზონების თავზე, სადაც გვსურდა შეგვექმნა მეტი განათება და საინტერესო სივრცე, სახურავების ნიშნულები ავწიეთ. ასეთ სივრცეებში გამოვიყენეთ დახრილი სახურავები და ეგრეთწოდებული ფანარი - ფანჯრები, რომლებიც ძალიან საინტერესოა ინსოლაციის თვალსაზრისით და უზრუნველყოფს შენობათი დღის განმავლობაში მზის შუქისა და სითბოს მაქიმალურად გამოყენებას.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები